დატვირთონ თუ დაასვენონ?
სამხრეთული ზე 14-ის წინ ავსტრალიის გუნდებმა და რაგბის კავშირმა ნაკრების მოთამაშეთა დატვირთვის გამო საერთო ენა ძლივს გამონახეს. ამასობაში ზელანდია 21 ოლ ბლექსს მერვე რაუნდამდე აწრთობს და ასვენებს, აფრიკაში კი მეხუთე გუნდის ვინაობა დადგინდა და ორი დიდი მარბიელიც დაუბრუნდა მოედანს.
ავსტრალიაში შინაომი ნაახალწლევს ატყდა, როცა ვოლაბიზის სუპერ-ვარსკვლავ 15 ნომერს, 72 კეპის პატრონ კრის ლეითემს მშობლიური რედსის ვარჯიშზე მუხლი ისე დაუშავდა, რომ მწყობრიდან ექვსი თვით გამოვიდა. ფულბეკს ოპერაცია უკვე გაუკეთეს. ვოლაბიზის გურუს, ჯონ ქონოლის გეგმით, ლეითომ 30 ივნისს, მელბურნში, სამ ერსა და ბლედისლოუს თასზე, ზელანდიის წინააღმდეგ უნდა ირაგბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 წლის ოსტატი მსოფლიო თასს სამ-მატჩა სათამაშო პრაქტიკითღა შეხვდება.
ლეითემის გამოკლებამ ხნოვან ქონოლს თავზარი დასცა და რედსის მოძღვარ ედი ჯოუნზს, ვინც ნაკრებს ჯონამდე წურთნიდა, საჯაროდ წაჰკიდა. ამანაც არაფერი დაუთმო. დავაში ზე 14-ის ოთხივე ფრანჩაიზი, კავშირი და მოთამაშეთა ასოციაცია ჩაერივნენ. გაცხადდა, რომ მხარეებს შარშან სრული ოთხი თვე (!) უმუშავიათ ვოლაბთა შეღავათიანი დატვირთვის გეგმაზე და ვითომც შეთანხმებულან, მაგრამ მერე კავშირს კლუბებში რომ დაუგზავნია დოკუმენტი, ამათ ქოში უკუ უყრიათ, ესაო და პირობები შეცვლილიაო.
კავშირი და ასოციაცია ითხოვდნენ, 22-მა მოწინავე ვოლაბმა ზე 14-ის წინა სავარჯიშო მატჩები გამოტოვოს და შეჯიბრშიც თითო თამაში გააცდინოსო. კლუბები ამაზე ყაბულს ვერ იყვნენ, რაკი ახალი წლიდან შერკინების წესი შეიცვალა და ეგეც მიაჩნიათ, რომ ტრავმა შემთხვევითობაა და თუ მოსახდენია, ვერსად წაუხვალ, ვარჯიში და თამაში კი აშკარად ჯობს უმოქმედობას.
პასუხს სამივენი ვაგებთო
კომპრომისი ორშაბათს გამოინახა: რედსის ოდინდელი მეტოქის, ვორათაზის წინადადებით, ბობოლები ბოლო მოსათელი მატჩის ნახევარს ითამაშებენ, გაგანია ზე 14-ში კი ვოლაბიზის უფროსობა დააკვირდება ნაკრების წევრებს და თუ საჭირო გახდა, კლუბებს მავანთა დაზოგვას მოთხოვს. სხვაფრივ, თუ რედსს ლეითემი ეკლდება, ვორათაზს მუხლისვე გადამკიდე ვერ ეყოლება 8 ნომერი დევიდ ლაიონზი, ვისაც ზე რაგბში ზედიზედ 83 მატჩი ეთამაშა.
ზელანდიამ 22 საწრთობი (ბურჯი გრეგ სამერვილი მერე დაშავდა) ჯერ კიდევ აგვისტოში დაასახელა, ოღონდაც ამ განცხადებას წინ ორ-წლიანი ვაჭრობა უძღოდა, რის გამოც ზე 14-ის გუნდები განაჩენს დინჯად შეხვდნენ. მერე იყო და ოქტომბერში წლევანდელი რაზმები რომ გამოქვეყნდა, გაირკვა, რომ კივებს 42 ახალბედა ეყოლებათ. ზელანდიას ერთი ხანობა ზე რაგბის მარჩენალი, მერდოქის "ნიუზ კორპი" სანქციებით დაემუქრა პროდუქტის გაუფასურებისა გამო, მაგრამ მერე ეს კონფლიქტი ჩაიფარცხა.
სამაგიეროდ, კივები მეზობელმა ოზებმა ამოიღეს მიზანში, ესაო და ზე 14 საზიარო ბრენდია და სამივე მოწილე ქვეყანა ერთნაირად ვაგებთ პასუხს მის ხარისხზეო. ავსტრალიამ ისიც სწორად შენიშნა, რომ ოლ ბლექთა შუა ტურნირიდან ჩაბმა შეჯიბრს უთანასწროს ხდის, რაღაი რედსი თავიდან ოთხ ზელანდიურ გუნდს ერაგბება, ბრამბიზი სამს, ფორსი ორს, ვორათაზი კი ხუთივეს მეორე ნახევარში ხვდება.
თუ ავსტრალიაში მოდავენი ტელე-კონფერენციაზე დაზავდნენ, აფრიკაში საქმე კარგა ხანს სასამართლოში ირჩეოდა. აგვისტოს განჩინებით, დაშლილ-გაფანტული და რასობრივად ფრიად ჭრელი გუნდი, სპიერსი ზე 14-ში იაპთაგან უარეს ადგილზე დარჩენილი კეტსის ნაცვლად უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ მერე ქვეყნის რაგბის კავშირმა ბევრი იმუშავა, სპიერსის აქციები შეისყიდა, ამისი დისიდენტი მოხელე ტონი მაკიფერი გარიყა და მომჩივან ფრანჩაიზს ელიტაში ჩაბმაზე უარი ათქმევინა.
ბერგერიცა და სკინსტადიც
ამასობაში კეტსმა დაასკვნა, ზე 12-ის ზე 14-ად ქცევის წყალობით ამქარში ცალკე მიღებულ ჩიტაზთან ერთი წლის გაყრილი ვარო და ოდინდელი სახელი, ლაიონზი აღიდგინა, სტორმერზმა კი კვართის ფრად შავის ნაცვლად ლურჯი ირჩია. ამაზე მედიამ შენიშნა, ბობ სკინსტადის ხანას სხალკ ბერგერის ეპოქა მოყვება და სიახლე ამას მოწმობსო, მაგრამ ოდენ სანახევროდ გამოიცნო.
დიახ, ნორჩმა ბერგერმა (სურათზე მარჯვნივ) გაიკეთა კისრის ოპერაცია, სრულად მომჯობინდა და ექვსი თვის შემდეგ ასპარეზს დაუბრუნდა. სტორმერზმა ბულზს სპარინგში საოცნებო მესამე ხაზი (ლუკ ვოთსონი კაპ - ჯო ფანიკერკი - სხალკ ბერგერი) გაუყვანა. ბერგერმა 55 წუთი ითამაშა, ბრეიქდაუნზე ძველებურად იპარპაშა და რომ შეცვალეს, ბულზის ფანობაც კი ფეხზე წამოუდგა და ტაში დაცხო.
მედია იმაში შეცდა, რომ სკინსტადის ხანა ჯერ არ დასრულებულა. 30 წლის ბობმა (სურათზე მარცხნივ) დაასკვნა, პენსიაზე ფიქრი ნაადრევიაო, სარეკლამო ბიზნესი დროებით მეორე პლანზე გადადო, ლონდონიდან ოჯახიანად დურბანში გადაბარგდა და ჩაეწერა შარქსში, რომლის გურუ დიკ მიუირიც მისი ძველი დოსტია. "სკრამ სპაისმა" ერთი სპარინგი უკვე ითამაშა, ბურთაობით მოხიბლა მაყურებელი და თუ ასე გააგრძელა, ეგებ მსოფლიო თასზეც მოხვდეს.
ბოლოს, აფრიკული ტრანსფერების შესახებ. ბრენტ რასელი შარქსიდან სტორმერზში მივიდა და 10 ნომრად დადგა. ბულზიდან მეზობლად, ლაიონზში გადავიდა მარბიელი ჟაკ კრონიე, პირიქით კი კოლეგა ვიკუს ფანჰირდენი. ბულზს დაუბრუნდა ბებერი კაპიტანი ანტონ ლეონარდი, რაღაი შარშანდელი აღმოჩენა, პიერ სპისი დაშავებულია, ლაიონზის ახალმა გურუმ, ახალგაზრდულ ნაკრებში ნამუშევარმა იუჯინ ელოფმა კი კაპიტნად ბოკეს 10 ნომერი, ანდრე პრეტორიუსი დანიშნა.
ზე 14-ის პირველი რაუნდი >> სრული განრიგი
პარ 2/02: 10.35 ბლუზი ზელ - კრუსეიდერზი ზელ, 15.05 ფორსი ავს - ჰაილენდერზი ზელ, 21.10 ლაიონზი აფრ - ვორათაზი ავს
შაბ 3/02: 10.35 ჩიფსი ზელ - ბრამბიზი ავს, 13.05 რედსი ავს - ჰარიკენზი ზელ, 19.00 შარქსი აფრ - ბულზი აფრ, 21.10 ჩიტაზი აფრ - სტორმერზი აფრ
პლეი-ოფი: 11-12/05 ნახევარფინალი, 19/05 დიდი ფინალი
მერვე რაუნდამდე მოუქმე კივები
კრუს (3 ბეკ + 3 ფორ): მაკდონალდი, მეიჯერი, კარტერი / ჯექი, სორნი, მაკქოუ; ჰარიკ (1+5): ვეპუ / ჰორი, ითონი, კოლინზი, მასოი, სოიალო; ბლუ (1+3): როკოთოკო / ვუდქოქი, მეალამუ, ვილიამსი; ჩიფ (3+0): მულიაინა, სივივატუ, კელეჰერი; ჰაილ (0+2): ოლივერი, ჰეიმანი
:::