დიდი მეცნიერი და
საზოგადო მოღვაწე რევაზ
გოგოხია
ეკონომიკურ
მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი დიდი ივანე
ჯავახიშვილი ბრძანებდა:
"სამეცნიერო მუშაობა
ბედნიერებაა, ეს ისეთი
ბედნიერება, რომელიც
ყველას ხვედრს არ
წარმოადგენს და ვინც
ისეთი ბედნიერია, რომ
ბუნებისაგან
დაჯილდოვებულია ნიჭით,
რომ მას აქვს ნებისყოფა,
აქვს აგრეთვე გატაცება,
ის უნდა გრძნობდეს, რომ
ვალდებულია სამაგიერო
გადაუხადოს იმ ერს,
რომლისაგანაც ის
წარმოშობილა". დიახაც რომ
მიესადაგება სულმნათ
ივანეს ეს სენტენცია
აკად. პაატა გუგუშვილის
ცხოვრებასა და
შემოქმედებას,
პიროვნებისა, რომელსაც
სრულიად ყმაწვილს, ჯერ
კიდევ სტუდენტს, პირველი
მეცნიერული "ნათლობა"
გაუწიეს საყოველთაოდ
აღიარებულმა
მოღვაწეებმა ფ.გოგიჩაიშვილმა
და ივ.ჯავახიშვილმა,
ხოლო შემდგომ -
მოწიფულობისას, რომლის
სამეგობრო კოჰორტას
ისეთი კორიფეები
შეადგენდნენ, როგორიც
იყვნენ კონსტანტინე
გამსახურდია, პავლე
ინგოროყვა, გიორგი
ლეონიძე, ალექსანდრე
აბაშელი, გიორგი
ახვლედიანი... პაატა
გუგუშვილის ბობოქარი
ცხოვრება და შემოქმედება
იმის ნათელი მაგალითია,
რომ მამულიშვილობა და
მეცნიერება ისტორიულ
სიმართლეს როდი
უპირისპირდებიან, რომ
სამშობლოსა და
ჭეშმარიტების
თანაფარდობაში ჭეშმარიტების
უზენაესობის ქადაგება
სავსებით უნიადაგოა (თუ
მასონურ-კოსმოპოლიტური
არაა!). საღი პატრიოტიზმი,
ხალხური სიბრძნე ბატონმა
პაატამ ბავშვობაშივე -
გლეხობაში ყოფნით
შეიძინა, ადგილის დედის
გრძნობით უცნობელი
სიყვარულიდან სამშობლო
შეიყვარა გონებით,
სამშობლო აღიქვა
შეცნობილად და ისიც
კარგად გაითავისა, რომ
კაცობრიობის სიყვარული
სამშობლოს სიყვარულით
იწყება. მისი ეროვნულობა,
სამშობლო-საქართველოსადმი
თავდადება - ყოველგვარი
ამაღლებული
ქართულისადმი
სიყვარულით იყო
ნაკარნახევი. დიახაც, რომ
აკად. პაატა გუგუშვილი
მთელი თავისი ცხოვრებითა
და შემოქმედებით
ეროვნული მოღვაწე იყო.
იგი აშკარად თუ შეფარვით,
დღენიადაგ იბრძოდა
საქართველოს
განთავისუფლებისათვის
და ღრმად სწამდა, რომ ეს
ახლო მომავალში რეალობად
იქცეოდა და ამ დიდი
ზეიმის მომსწრე თავადაც
იქნებოდა. პაატა
გუგუშვილი ჭეშმარიტად იმ
მცირერიცხოვან ქართველ
მოღვაწეთა კოჰორტას
ეკუთვნის, რომელთა
უპირველესი საფიცარი
საქართველო და
ქართველობა იყო და
რომელთათვისაც საკუთარი
სახლის საზღვრები მთელს
სამშობლოს
უთანაბრდებოდა. საბჭოურმა
დიქტატურამ ბევრი დიდი
მეცნიერი შეიწირა ან
კიდევ ნებით თუ უნებლიეთ
იმპერიული ინტერესების
მონა-მორჩილი გახადა, რის
საფასურადაც ბევრმა
გულმკერდი ნაირნაირი
ორდენებით დაიმშვენა. პაატა გუგუშვილი
არც ერთ ორდენს არასოდეს
დახარბებია და ამით, არც
განებივრებული ყოფილა
თუნდაც იმიტომ, რომ იგი
თავის მეცნიერულ და
მოქალაქეობრივ მწრამსს
არასოდეს იცვლიდა, არც
მაშინ, როცა მას მთელი
ცენტრალური კომიტეტი და
მთავრობა ტოტალურად
უტევდა და მასზე თითქოსდა
თავის საბოლოო
გამარჯვებას ზეიმობდა.
იგი ყველგან და ყოველთვის
მედგრად იდგა, ვითარცა
მუმლდასეული ბერმუხა,
უკან არასოდეს იხევდა და
აბობოქრებული, მაგრამ
უფრო გულგამაგრებული
თავის სამუშაო მაგიდას
უჯდა და საქართველოს
ისტორიის თუ სამერმისო
ფოლიანტების ახალ
ფურცლებს ავსებდა.
ცხოვრების მანძილზე მას
ბევრი ტალახი ესროლეს
სხვადასხვა სამიზნედან,
მაგრამ არც ერთი არ
მოხვედრია, რამეთუ,
რომაული ანდაზისა არ იყოს
- 'მარმარილოს ძეგლს
ტალახი არ ეკარება'. პაატა გუგუშვილი
იშვიათი რუდუნებით
მუშაობდა საქართველოს
ენციკლოპედიის შექმნაზე
და თვითონ იყო ჭეშმარიტად
დიდი ენციკლოპედია (მე
მას ყოველდღიურად
ვეწაფებოდი ეკონომიკის
ინსტიტუტში
ასპირანტობისა და
თხუთმეტი წლის მანძილზე
მისი ხელმძღვანელობით
მუშაობისას); ალბათ
ამიტომაც, იგი უხვად
გასცემდა ცოდნას
მეცნიერებისა და
ადამიანთმცოდნეობის
მრავალ სფეროში. მან დიდი
მემკვიდრეობა დაგვიტოვა,
რაც მომავალ ეპოქებსაც
დაამშვენებს. ბატონ
პაატაზე ვერავითარი
სახელმწიფო სამთავლიტო’'შეზღუდვები' ვერ
მოქმედებდა. ცენზურა მას
არ უბედავდა, ანდა თუ
'ჩაუსწორებდა' რამეს,
რაღაც მანქანებით იგი მას
კვლავ აღადგენდა და თავის
პირვანდელ სახეს
დაუბრუნებდა, რაშიც დიდია
თავდადებულ
გამომცემელთა წვლილი,
რომელთა შორის ბატონი შოთა
შენგელია პირველობდა. ამ მხრივ
განსაკუთრებით მინდა
აღვნიშნო მისი თხზულება -
"სოციოლოგიური
ეტიუდები", რომლის
ქვეტექსტებში მწვავე
ეროვნული და სოციალური
მოტივებია ჩაქსოვილი და
რაც სპეციალურ კვლევას
საჭიროებს. აკად.
პაატა გუგუშვილის
მრავალმხრივი
შემოქმედების
მასაზრდოებელი და
განმსაზღვრელი ეროვნული
ინტერესები იყო, რომელიც
მუდამ ეხმიანებოდა
ინტერნაციონალურს.
ამასთან, იგი გაბედულად
ებრძოდა მსოფლიოს
კოსმოპოლიტურ
გლობალიზაციას, როგორც
დანაშაულებრივ
უპერსპექტივობას, რომლის
მიზანია
დენაციონალიზებული
საზოგადოების
ჩამოყალიბება
ყოველგვარი
განსაზღვრული
რელიგიურ-ზნეობრივი
ფასეულობებისა და
კულტურულ-ისტორიული
ორიენტაციის გარეშე.
მსოფლიო გლობალიზაციის
ცდებს, რომელიც დღეს
ესოდენ მოძალებულია, XX
საუკუნეში უკვე ჰქონდა
აგდილი, მაგრამ მსოფლიოს
ყველა ქვეყნის რჩეულთა
მეცადინეობით ის კრახით
დამთავრდა. მათ შორისაა
პაატა გუგუშვილი,
რომელმაც იმთავითვე
უწყოდა, რომ
საქართველოსთვის უცხო,
უნიადაგო, კოსმოპოლიტური
თეორიები, უცხოურ
ეკონომიკურ იდეოლოგიაზე
აგებული სხვადასხვა
საერთაშორისო
ორგანიზაციის
საქმიანობა
გარკვეულწილად იმ 'დიდი
პოლიტიკის' შემადგენელი
ნაწილია, რომელიც
სამამულო ინდუსტრიისა და
არსებითად მყარი
ეკონომიკის ჩაკვლას
ისახავდა მიზნად და
საქართველოს
ნავთობსადენის,
გაზსადენის, ევრაზიული
დერეფნისა და სამომავლოდ
ტურისტთა საჯირითო
ქვეყნის მხოლოდ მიზერულ
პერსპექტივას უტოვებს. ამ
ასპექტითაც აკად. პაატა
გუგუშვილის მეცნიერული
მემკვიდრეობა
ფაქტობრივად ეროვნული
ეკონომიკური იდეოლოგიაა,
რაც ესოდენ აკლია ჩვენს
დღევანდელ ეკონომიკას და
საერთოდ - ყოფასაც. აკადემიკოსმა
პაატა გუგუშვილმა
მეცნიერების ბევრ დარგს
გაუნაწილა დიდი
სწავლულის ზეგარდმო ნიჭი
და ეს სრულიადაც არ
ყოფილა შემოქმედებითი
ძალების დაქსაქსვა.
პირიქით, მან კვლევის
ყველა სფეროში თავისი
წონადი სიტყვა თქვა,
რაზედაც მეტყველებენ
მისი უზადო მონოგრაფიები,
რომელთაც
კონიუნქტურულმა
ცვლილებებმა ვერაფერი
დააკლეს, ვერც
დააკლებდნენ ისინი მუდამ
იქნებიან მეცნიერების
საგანძურში. დიდ
მოღვაწეზე მოსაგონარი
დიახაც რომ ბევრი აქვს
ყველას და მათ შორის მეც,
მაგრამ ამჯერად
რამდენიმე მომენტზე
შევჩერდებით. უწინარესად
მინდა მკითხველის
ყურადღება მივაპყრო
ქართული მეცნიერების
კორიფეს ბატონ ილია
ვეკუას გამონათქვამზე
პაატა გუგუშვილის
შესახებ. ერთხელ
მქონდა ბედნიერი
შემთხვევა, ცნობილ
ქართველ საზოგადო
მოღვაწე ბატონ დამიანე
გოგოხიას ოჯახში
ვახშმად ვყოფილიყავი იმ
დროს, როცა ბატონი ილია
ვეკუა იქ ბრძანდებოდა.
როცა ჩემი სადღეგრძელოს
ჯერი დადგა, ერთმა ჩემმა
კეთილისმოსურნე
თანამესუფრემ საკმაოდ
მაღალი თანამდებობის
მასპინძელს სთხოვა
ეზრუნა ჩემს
სამსახურებრივ
დაწინაურებაზე. ბატონმა
ილიამ მასპინძლის პასუხს
არ დაუცადა, მოკლედ მოჭრა
და ბრძანა: "არ შეცდეთ
ყმაწვილო, ბატონ
პაატასთან მუშაობაზე
დიდი თანამდებობა მე არ
მეგულება და ნურც შენ
ეძებო"... არც მიძებნია,
რამეთუ ამ სიტყვების
ჭეშმარიტებაში მე
არაერთხელ დავრწმუნდი, ამ
რწმენითა ვარ დღესაც. ბ-ნი პაატა იყო
ახალგაზრდა მეცნიერთა
მკაცრი მოძღვარი და დიდი
მოამაგე, დღენიადაგ მათზე
მზრუნველი. იგი ყოველთვის
მზად იყო უანგარო და
წონადი დახმარება გაეწია
მათთვის. საკმარისი იყო
მასთან კონსულტაციაზე
თუნდაც ერთხელ მოხვედრაც
კი, რომ მეცნიერების
ბურუსიდან მაგისტრალურ
გზაზე გასულიყავი...
გარეგნულად ეს თითქოსდა
უხეში და მკაცრი
პიროვნება, ერთობ
ლმობიერი და გულმოწყალე
იყო ჩვენთვის სხვადასხვა
საკითხის გადაწყვეტისას.
მხოლოდ ორიოდე ეპიზოდი.
პირველკურსელმა
ასპირანტმა მოსკოვს
ოცდღიანი სამეცნიერო
მივლინების თხოვნის
განცხადებით მივმართე
მას, როგორც ინსტიტუტის
დირექტორს. განცხადება
წაიკითხა და მითხრა: "პირველად მიემგზავრები,
იქ ბევრი პრობლემა
შეგექმნება, ეს მცირე
დროც სწრაფად გაგიქრება.
ამიტომ ეხლა ერთი თვით
გაგიშვებ, თუ დრო კიდევ
დაგჭირდეს, მივლინების
ვადას გაგიგრძელებთო.
აქვე მკაცრად
გამაფრთხილა: მივლინების
ანგარიშით სამეცნიერო
საბჭოს სხდომაზე
წარდგებიო". ჩემი
პირველი, ასე ვთქვათ,
მეცნიერული სტატია
მიძღვნილი დიფერენციული
რენტის პრობლემისადმი, ჟურნალ
'ეკონომისტში' დაიბეჭდა
(1961 წელს), რომელსაც პაატა
გუგუშვილი რედაქტორობდა.
ამას კი წინ ასეთი
ისტორია უძღოდა:
უნივერსიტეტის
დამთავრების შემდეგ
სასოფლო-სამეურნეო
ინსტიტუტში გამაგზავნეს
კომკავშირულ სამუშაოზე.
სულ მალე იქაურ გაზეთ
'საბჭოთა აგრონომში'
დავბეჭდე სტატია
"ზოგიერთი ეკონომიკური
ტერმინის გამო", რომელშიც
'კამათს' ვბედავდი
ქართული ეკონომიკური
ტერმინოლოგიის დიდ
მოამაგესთან, აკად. პაატა
გუგუშვილთან. ამ წერილს
გაცნობილა ცნობილი
მეცნიერი და დიდებული
პიროვნება, ჩემი დიდი
მასწავლებელი
პროფესორი ნ. იაშვილი,
რომელმაც სწორედ ამით
გაიგო, რომ მე
კომკავშირულ სამუშაოზე
ვიყავი. აღშფოთებული
შემოვიდა ინსტიტუტის
კომკავშირის კომიტეტში
და პირდაპირ მომახალა:
"რა გინდა აქ, რას აკეთებ,
განა კომკავშირში
სალაზღანდაროდ
გაგზარდეთ? ეხლავე წამოდი
ეკონომიკის ინსტიტუტში,
მის დირექტორთან, ჩემს
მეგობარ პროფესორ პაატა
გუგუშვილთან გაგიწევ
რეკომენდაციას
სამეცნიერო სამუშაოზე".
გამიხარდა, მაგრამ
ზემოხსენებული წერილის
გამო ვიუარე. "ვიცნობ მაგ
წერილს, ბატონ პაატასაც
წაუკითხავს, ბევრი უცინია
და უთქვამს - მხოლოდ
კომუნისტები მებრძოდნენ
მეგონა, ეგ 'კომსომოლა' ვინღა
არისო". სწავლული
მდივნისთვის უთხოვნია,
იქნებ ჩემთან მოიყვანოთო.
უკეთეს შემთხვევას ვერ
ვნახავდი, მორჩილად
გავყევი ჩემს
მასწავლებელს, რომელმაც
ჩემი თავი წარუდგინა დიდ
მეცნიერს. ხანმოკლე
გასაუბრების შემდეგ,
ზემოხსენებულ წერილზე
ყოველგვარი მინიშნების
გარეშე, იმ დღიდანვე
გამაფორმეს უმცროს
მეცნიერ თანამშრომლად.
სულ მოკლე ხანში ბატონმა
პაატამ, რომელიც
ეკონომიკის ინსტიტუტის
დირექტორობას თავისსავე
განახლებული ჟურნალის
რედაქტორობას უთავსებდა,
ჟურნალის კრიტიკისა და
ბიბლიოგრაფიის
განყოფილების გამგედ
დამნიშნა საზოგადოებრივ
საწყისებზე. პირველი
მასალაც მოვამზადე და
ბატონ პაატას მივართვი,
დამიტოვეო - ბრძანა. მეორე
დღეს კონვერტში ჩადებული
მასალა დამიბრუნა და
მითხრა: კარგია, მაგრამ
ცოტა კიდევ წაიმუშავეო.
კონვერტი გავხსენი და
ჩემი
'დამუშავებული'’მასალა
ვერ ვიცანი, თითქმის
თავიდან იყო დაწერილი,
გვერდებზე შეცდომების
მითითებით, რითაც
გამომზეურებული იყო
ეკონომიკურ
ტერმინოლოგიაშიც ჩემი
'განსწავლულობა' - დიდ
უხერხულობაში ჩავვარდი
(კინაღამ ისევ კომკავშირს
დავუბრუნდი), მაგრამ ისევ
თვითონ მიხსნა, დამიყვავა
და მითხრა: "არ
შეგეშინდეს, ეს
წარუმატებლობა კი არა,
კარგი მომავლის ძნელი
დასაწყისია, გაბედულად
იმუშავე, დაგეხმარები". რამდენიმე მასალის
მომზადების შემდეგ,
რომელსაც უკვე ეტყობოდა
დიდი რედაქტორის
გამოცდილებისა და
რჩევა-დარიგების
შეძლებისდაგვარად
გათვალისწინება, ბატონი
პაატა დაინტერესდა ჩემი
სამეცნიერო მომავლით და
მკითხა ამ მიზნით თემა თუ
მქონდა შერჩეული. მეც
გავბედე და ვუთხარი
დიფერენციული რენტის
პრობლემა მაინტერესებს
მეთქი. მცირე საუბრის
შემდეგ ბრძანა, უაღრესად
რთული და სადისკუსიო
პრობლემაა, მაგრამ ალბათ,
დაძლევო. თან მირჩია მისი
სახელით საკონსულტაციოდ
მივსულიყავი 'დიფრენტის' დიდ
სპეციალისტ პროფესორ ი.ბალანჩივაძესთან
(სტატიის გარკვეული
მონახაზით). როცა სტატია
დავასრულე და რედაქციაში
წარვადგინე, ბატონმა
პაატამ, როგორც
რედაქტორმა, წაიკითხა,
რამდენიმე ადგილას,
ჩემთან შეთანხმებით',
ჩაასწორა, განყოფილების
გამგეს გადასცა და უთხრა -
სტატიაში ბევრი სადავო,
ზოგჯერ, ალბათ, მიუღებელი
მოსაზრებაა, მაგრამ
დამწყები ავტორია,
ორიგინალური აზრები
აწუხებს', ვინ იცის
იქნებ სწორიც აღმოჩნდეს,
სტატია წარმოდგენილი
ვარიანტით გაუშვიო. ასე
მოხდა, ბატონ პაატას
ხელდასმით, ჩემი პირველი
ბეჭდური ნათლობა'
ეკონომიკურ ჟურნალში. შემდგომ, როცა
კარგად გავიწაფე
ეკონომიკურ
ჟურნალისტიკაში და ასე თუ
ისე ვაკმაყოფილებდი
პაატასეულ სტილს თუ წერის
მანერას, მან აკადემიის
ჟურნალ 'მაცნეს'
შიგასაინსტიტუტო
რედაქტორობა დამავალა და
თავისი წიგნიც მაჩუქა
წარწერით: 'ჟურნალ მაცნეს' კარგად
გაწვრთნილ მაცნეს, ჩემს
უმცროს მეგობარს
რ.გოგოხიას, ავტორისაგან. ბატონ პაატასთან,
როგორც რედაქტორსა და
ინსტიტუტის დირექტორთან,
მუშაობის პერიოდი
ჩემთვის (და უეჭველია,
ბევრისთვის, თუ
ყველასთვის არა!), დიდი
აკადემია იყო როგორც
პირდაპირი, ასევე
გადატანითი
მნიშვნელობით. მრავალმხრივი
და შეუფასებელია ბატონ
პაატას სარედაქტორო
საქმიანობა. სხვაზე რომ
არაფერი ვთქვათ, მარტო ის
რად ღირს, რომ სწორედ მან
ჩაუყარა საფუძველი
თავისსავე შექმნილ
ჟურნალ 'ეკონომისტის'
მებრძოლ სულს, იმას, რომ
მისი თავკაცობით ჟურნალი
მუდამ ეკონომიკური
ცხოვრების შუაგულში
ტრიალებდა, არ ერიდებოდა
მწვავე თემებს, თუმცა
მისი გამოსვლები ხშირად
რჩებოდა ხმად
მღაღადებლისა უდაბნოსა
შინა... ეკონომიკური
მეცნიერების ჭეშმარიტი
ზეიმი იყო ბატონ პაატას
ყოველი მობრძანება
რედკოლეგიის სხდომაზე
მაშინაც, როცა იგი უკვე
რედაქტორი აღარ იყო,
მაგრამ დიდბუნოვნად
რჩებოდა რედკოლეგიის
წევრად. კოლეგიის
სხდომაზე მისი ყოველი
შენიშვნა ამა თუ იმ
სტატიის მიმართ, მისი
მოკლე და სხარტი
რჩევა-დარიგებანი
მიმართული სარედაქციო
მუშაობის
სრულყოფისათვის, მრავალ
საფიქრალს და ფრიად
სასარგებლო თავსატეხს
გვიჩენდა ყველას, რომლის
თუნდაც გარკვეული
ნაწილის
გათვალისწინებაც ახალ
ნაბიჯს წარმოადგენდა
ჟურნალის ეფექტიან
მუშაობაში. ის ხომ უხვად
აფრქვევდა
ენციკლოპედიურ ცოდნას
არა მხოლოდ ეკონომიკურ,
არამედ მეცნიერების ბევრ
სხვა დარგში. მაშინაც კი,
როცა გაჯავრების
საფუძველი ჰქონდა და არც
თუ კორექტული
ფრაზეოლოგიით 'ამკობდა'
ვინმეს, მის სასარგებლო
სიბრძნეს ქადაგებდა და
გარკვეული ცოდნით
ამდიდრებდა ყოველ
ჭკუათმყოფელს. რაც
შეეხება პოლემიკას,
მასთან ეს თითქმის
შეუძლებელი იყო
რკინისებური ლოგიკის
გამო. 60-იან
წლებში, როცა ეკონომიკის
ინსტიტუტის ასპირანტი
ვიყავი, ბ-ნ პაატას
ხელმძღვანელობით
ინსტიტუტმა გამსვლელი
სამეცნიერო კონფერენცია
მოაწყო ბათუმში. მე
მომხსენებელთა რიცხვში
არ ვყოფილვარ და თავს
საკმაოდ თავისუფლად
ვგრძნობდი, მაგრამ მოხდა
ჩემთვის
გაუთვალისწინებელი რამ.
მოხსენებების მოსმენის
დასრულების შემდეგ,
როგორც წესი, დაიწყო
ცხარე კამათი, რომელშიც
გამომსვლელები ასევე
წინასწარ იყვნენ
ჩაწერილნი. რამდენიმე
ცნობილი გამოსვლის
შემდეგ ბატონმა პაატამ
ბრძანა - ახალგაზრდები
პასიურობენ და
შესვენების შემდეგ
ტრიბუნას მათ დავუთმობთო.
ასეც მოხდა, სხდომის
განახლებისთანავე
მოგვმართა ასპირანტებსა
და უმცროს მეცნიერ
მუშაკებს მონაწილეობა
მიგვეღო კამათში... ჩვენ
ყველანი გავისუსეთ, აბა,
როგორ გავბედავდით
პროფესორებთან კამათს.
დუმილი დიდხანს არ
გაგრძელებულა, რომ
მომესმა - "სიტყვას
ვაძლევ ასპირანტ რ.გოგოხიას". რა გზა მქონდა,
ფეხათრევით დავიკავე
ტრიბუნაზე ადგილი და
მომენტალურად
გადავწყვიტე, კრიტიკული
აზრი, სხვას ვერ
გავუბედავდი და, ჩემი
მეცნიერ ხელმძღვანელის,
უაღრესად კეთილშობილი
პიროვნების პროფ.
ა.ნუცუბიძის მოხსენების
გარშემო გამომეთქვა.
მოხსენება შეეხებოდა
კაპიტალის გატანის
თავისებურებებს
იმპერიალიზმის ეპოქაში.
მაშინ გაბატონებული
მარქსისტულ-ლენინური
თეორიით განვითარებული
ქვეყნებიდან
განვითარებადში
კაპიტალის გატანის
ერთადერთ მიზნად
მიჩნეული იყო პირველთა
სასარგებლოდ
მაქსიმალური მოგების
მიღება, მეორეთა
ძარცვა-გლეჯის
საფუძველზე.
მომსხენებელმა, რომელიც
ამ პრობლემის
სპეციალისტი იყო, ახალი
მასალების ჯეროვანი
ანალიზით ფრიად
საყურადღებო მეცნიერული
დასკვნები გააკეთა
აღნიშნული მარქსისტული
დებულების
განსამტკიცებლად. მე, რა
თქმა უნდა, როგორც
შემეძლო, მაღალი შეფასება
მივეცი მას და ამასთან,
პრობლემა საპირისპირო
ასპექტითაც განვიხილე,
ე.წ. ბურჟუაზიული თეორიის
თვალსაზრისით, რითაც
კაპიტალის გატანას
დადებითი მხარეებიც
ახლავს, განსაკუთრებით
'მთვლემარე'
ეკონომიკური რესურსების
ამოძრავებისა და
კაპიტალშეტანილი
ქვეყნების საერთო
ეკონომიკური
აღორძინებისათვის
ხელშეწყობის სახით. ჩემმა ასეთმა, იმ
დროისათვის
თეორიულ-პრაქტიკული
ასპექტით
არაორდინალურმა
გამოსვლამ, აუდიტორიის
გარკვეული ნაწილის
მწვავე რეაქცია
გამოიწვია. ლამის,
კაპიტალიზმის
აპოლოგეტად შემრაცხეს და
ჩემი პარტიული
პასუხისმგებლობის
საკითხმაც გაიჟღერა.
სიტუაციის განმუხტვა,
სასიქადულო მეცნიერმა ნიკოლოზ
იაშვილმა სცადა,
რომელმაც რეპლიკის სახით
ბრძანა, რომ ყველას, მით
უმეტეს დამწყებ მეცნიერს
უფლება აქვს თავისი აზრი
თქვას, თუნდაც მცდარი
იყოსო. არც ამან ჩააცხრო
ვნებათაღელვა...
კონფერენცია დასასრულს
მიუახლოვდა. მისი მუშაობა
შეაჯამა ბატონმა პაატამ,
რომელიც სხვა
პრობლემებთან ერთად
შეეხო კაპიტალის გატანის
შედეგების შესახებ
მარქსისტულ თეზისს,
წარმოაჩინა ამ თეორიის
ცალმხრივი ხასიათი,
დაასახელა ზოგიერთი
საბჭოთა მეცნიერის
ნაშრომი, სადაც კაპიტალის
გატანის პროცესის
პოზიტიურ მხარეებზე იყო
შეფარვითი მინიშნება,
ხოლო ბევრის გასაკვირად,
ჩემს გამოსვლას რისკიანი,
მაგრამ საკმაოდ
წარმატებული უწოდა...
საკუთარი რისკის ფასად
ასე გადამარჩინა დიდმა
მეცნიერმა მკაცრ პარტიულ
განქიქებას და ვინ იცის -
იქნებ უფრო მკაცრ
სასჯელსაც: ასეთმა
მხარდაჭერამ მე (და არა
მხოლოდ მე) მწვანე გზა
გამიხსნა დამოუკიდებელი,
კრიტიკული მეცნიერული
აზროვნებისაკენ.
ახალგაზრდებისადმი
ასეთი და სხვა უფრო
მნიშვნელოვანი
თანადგომა დიდი
მეცნიერის პრაქტიკულად
ყოველდღიური ცხოვრების
წესი იყო. მაგონდება
70-იანი წლები, როცა იმპერიულმა
'ვაკმა' მორიგი
ფაშისტური დოკუმენტი
შექმნა, რომელსაც
საკავშირო მთავრობამ
კანონის ძალა უბოძა:
ყველა მოკავშირე
რესპუბლიკის მოქალაქეს,
რომელიც სამეცნიერო
ხარისხის დაცვას
მოიწადინებდა,
სადისერტაციო ნაშრომიც
და მასთან დაკავშირებული
მთელი დოკუმენტაცია
რუსულ ენაზე უნდა
შეესრულებინა. ამით,
ფაქტობრივად, ეროვნულ
ენაზე მეცნიერების
განვითარებას საფუძველი
ეცლებოდა. ბუნებრივია,
დიდი იყო ამით გამოწვეული
უკმაყოფილება სხვაგანაც
და განსაკუთრებით
საქართველოში. მაგრამ
ფაქტი ფაქტად რჩებოდა.
ამასთან დაკავშირებით
ეკონომიკის ინსტიტუტის
რამდენიმე
თანამშრომელმა (ბ.კელენჯერიძემ,
დ.პავლიაშვილმა, ე.ჩადუნელმა
და მე) გადავწყვიტეთ
საპროტესტო დეპეშა
გაგვეგზავნა სკკპ მორიგი
ყრილობის
პრეზიდიუმისათვის მისი
გახსნის დღეს. მე
საჭიროდ ჩავთვალე ჩვენი
განზრახვა ინსტიტუტის
დირექტორის ბ-ნ
პაატასთვის გაგვემხილა,
რამდენადაც მას იმ
პერიოდში
განსაკუთრებული
ინტენსიურობით
ებრძოდნენ 'ზემოდან' და
ჩვენი დეპეშით, რაც არცთუ
უმნიშვნელო პოლიტიკური
ქმედება იყო, კიდევ უფრო
არ გაგვერთულებინა მისი
მდგომარეობა. მეგობრები
ამაზე არ დამთანხმდნენ -
მხოლოდ კეთილი
მოსაზრებით: უხერხულ
მდგომარეობაში რომ არ
ჩავაყენოთ, ჯობს საერთოდ
არ იცოდეს, ყველაფერი
ჩვენს თავზე ავიღოთო. მეც
ერთხანს დავეთანხმე მათ,
მაგრამ მერე სხვა
გადაწყვეტილება მივიღე -
გამეცნო მისთვის დეპეშის
ტექსტი. ბატონ პაატას
რეაგირება ცალსახად
დადებითი იყო, რაც
გამოხატა შემდეგი
სიტყვებით: "ძალიან კარგი
ჩანაფიქრია, თუმცა
არავითარ შედეგს არ
მოიტანს - 'შეაყარე
კედელს ცერცვი'.
გააგზავნეთ და თუ მწვავე
რეაქცია მოჰყვება, მეც
თქვენთან მიგულეთ!" დეპეშა
გავაგზავნეთ ყრილობის
გახსნის დღეს დილით,
პასუხი მივიღეთ იმავე
დღეს ასეთი შინაარსით:
"საბჭოთა კავშირის ყველა
მოქალაქე ვალდებულია
იცოდეს რუსული,
აზროვნებდეს, წერდეს და
მეტყველებდეს რუსულად"
(ყრილობის სამდივნო).
ასეთი პასუხი ბ-ნ პაატას
სრულიადაც არ
გაკვირვებია, არც ჩვენ -
მაინცდამაინც. გასაკვირი
ის იყო, რომ ამ საქმეზე არც
'კაკებეს' და არც სხვას
არაფერი მოუკითხავთ
ჩვენთვის. მოგვიანებით
გავიგეთ, რომ აქაც ბ-ნი
პაატა დაგვდგომია ფარად! -
ჩვენ კი არაფერი გვითხრა. როგორც ჟურნალ
'მაცნეს' საინსტიტუტო
კოორდინატორს, ხშირად
მიწევდა ბ-ნ პაატასთან
შესვლა ამა თუ იმ სტატიის
საბოლოო ვარიანტის
შესათანხმებლად. მის
მახვილ თვალს ტექსტში
იოტისოდენა შეცდომაც არ
გამოეპარებოდა და
რეაგირებაც საკმაოდ
მწვავე იცოდა. ამიტომაც
ვცდილობდი სტატია,
ფორმითა და შინაარსით,
მისი მოთხოვნის
ადეკვატური ყოფილიყო.
როცა მეგონა, რომ ესა თუ ის
სტატია, ავტორთან გაწეული
მუშაობის შედეგად,
საბოლოო კონდიციამდე იყო
მიყვანილი და ამჯერად
მაინც რაიმე შეცდომას თუ
უზუსტობას ვერ
აღმოაჩენდა, საოცარი რამ
ხდებოდა - ზუსტად იქ
გადაფურცლავდა სტატიას,
სადაც რაღაც უზუსტობა
მაინც იყო და მაშინ უნდა
გენახათ მისი
აბობოქრება... კაი
გვარიანი სალანძღავი
სიტყვებიც ბევრჯერ
მომისმენია მისგან,
იქამდისაც კი მივსულვარ,
მითხოვია 'მაცნეს'
მდივნობიდან
გათავისუფლება. პასუხი
ერთადერთი და მკაცრი იყო:
გაგათავისუფლებ მხოლოდ
მაშინ, როცა წერისა და
რედაქტორობის
ხელოვნებას დაეუფლებიო.
ბატონ პაატასთან ასეთი
ხშირი ურთიერთობები
ჩემთვის დიდი სკოლა იყო.
არა მხოლოდ წმინდა
ჟურნალისტური, არამედ
მეცნიერული და, თუ
გნებავთ, ადამიანური
წრთობის თვალსაზრისითაც.
ერთხელ, მოგვიანებით,
როცა მასთან მუშაობით
საკმაოდ გავიწაფე,
გავბედე და საკმაოდ
რისკიანი პროვოცირება
გავაკეთე - მიმართვის
ტექსტი, რომელიც ბ-ნ
პაატასთან ხშირად
შემქონდა ხელმოსაწერად,
ასე იწყებოდა: «საქართველოს
სსრ მეცნიერებათა
აკადემიის ჟურნ, 'მაცნეს'
რედაქტორს...» ამჯერად
მიმართვა შევუტანე -
'სსრ'-ს გამოტოვებით,
მაინტერესებდა,
მიაქცევდა თუ არა
ყურადღებას და თუ
მიაქცევდა, რა რეაგირებას
გააკეთებდა.
არწივისებური თვალები
გადაავლო სტატიას,
ერთი-ორი ადგილი
ჩაასწორა, ხელი მოაწერა
მიმართვას, წამოდგა, ხელი
ჩამომართვა და მითხრა:
"გილოცავ! - მართალია,
მოვლენებს ძალიან
გაუსწარი, მაგრამ იმ
დღესაც მოვესწრებით
საქართველო 'საბჭოთა
სოციალისტური
რესპუბლიკა' აღარ იქნება.
ამიერიდან მიმართვა
სწორედ ასე გავაკეთოთ,
სანამ 'ზემოთ' ვერ
მიხვდებიანო". ზღვა
მოგონებებს, გარკვეულ
მიზეზთა გამო, ამ
მცირედით ვამთავრებ. დასასრულს კი,
კვლავაც მინდა ხაზგასმით
აღვნიშნო: როცა ოქტომბრის
'დიდი მონაპოვრებით'
აღჭურვილმა სახელმწიფოს
მკაცრმა რეჟიმმა
დაიმორჩილა მეცნიერება,
მოექცა რა ის ძლიერსა და
უხეშ მუხრუჭებში,
ორგანიზებული
პოლიტიკური 'გონება'
ჯაბნიდა თავისუფალ
აზროვნებას, მაგრამ
მეცნიერების
განვითარების პროცესი
თავისას აკეთებდა -
საბჭოური აზროვნების
გვერდით, გზას მძიმედ,
მაგრამ მაინც მიიკვლევდა,
აქა-იქ იფეთქებდა
არაორდინალური
აზროვნება რჩეულთა
შემოქმედებაში. ასეთ
რჩეულთა რიცხვს უდავოდ
ამშვენებდა, ამშვენებს და
კვლავაც დაამშვენებს
აკადემიკოსი პაატა
გუგუშვილი როგორც
ბერმუხა, რომელსაც ჟამთა
უკუღმართობაც კი
ვერაფერს დააკლებს და რაც
დრო გავა, მისი სიდიადე
უფრო მეტად წარმოჩინდება,
მრავალი მკვლევარი
დაეწაფება მის უკიდეგანო
შემოქმედებას და
მადლიერი შთამომავლობა
მას მხოლოდ სახელით -
პაატათი მოიხსენიებს
მსგავსად რჩეულთა ერისა. |