სხალკი პულშივე დაბრუნდება
პარასკევ-შაბათს რაგბის მსოფლიო თასზე ორი ვეება, პულის გამარჯვებულის გამოსავლენი მატჩია, საქართველო კი გადახალისეუბლი გუნდით ეომება ირლანდიას, ვინც სტარტზე უფერულად იბურთავა და ჩვენთან ეცდება თავის გამოჩენას. სხვაფრივ, ტრიბუნალი კიდევ გაიმართა და პოსტ-ფაქტუმ დასჯილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, მაგრამ აპელაციამაც გაჭრა და აფრიკელ სხალკ ბერგერს ვადა გაუნახევრდა.
ინგლისი და აფრიკა ოთხი წლის წინ, ავსტრალიაც პულში შეიბნენ. მაშინ პომებმა პერთში 25:6 გაიმარჯვეს და ბოლოს სიდნეიში თასიც აიღეს, ამჯერად კი ვითარება დიამეტრულად საპირისპიროა, რაღაი ბოკე აწყობილი და ჯერაც მზარდი გუნდია, ხოლო ვარდების ბანაკში ქაოსს დაუსადგურებია.
აფრიკამ 15-ეულში თავიდან მხოლოდ მარჯვენა ბურჯი შეცვალა და 12 ნომრად ტრავმის გამო თასის ბოლომდე გამოკლებული ჟან დეფილიერსის მაგივრად უნივერსალი ჯეელი, ფრანს სტეინი დაიყენა, მაგრამ მერე ტრიბუნალზე დაიბარეს ქერა მღლეტელი სხალკ ბერგერი და სამოელი ჰავბეკის, ჯუნიორ პოლუს დატორვისთვის სასჯელად ოთხი თამაშის გამოტოვება დაუდგინეს.
ამაზე გახელდა მთელი დელეგაცია, ესაო და იმავე მატჩში ხუთი თასის მონაწილე ბრაიან ლიმამ უარესად დასცა ჩვენი ანდრე პრეტორიუსი, მაგრამ ურჯუკობა ხახვივით შერჩაო. ბოკემ განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ 48 საათის წესის თანახმად, გადანომრილი სია ოთხშაბათს საღამოს მაინც გამოაქვეყნა, 6 ნომრად ვიკუს ფანჰირდენი ჩაწერა და გურუ ჯეიქ ვაითმაც თქვა, რა გაეწყობა, უბერგეროდ ვითამაშებთო.
ეშთონმა ნომრები გააცვლევინა
აპელაციაზე გაირკვა, რომ ტრიბუნალს შეცდომა მოსვლია, რადგან ხელაღებით უარეყო ბერგერის მტკიცება, პოლუს ბურთს ვეცილებოდიო. რომ დადგინდა მოთამაშის სიმართლე, დისკვალიფიკაცია ოთხი მატჩიდან ორამდე შემცირდა, რადგან სხალკის ქმედება მაინც სახიფათო იყო. ჰოდა, მსოფლიოს 2004 წლის საუკეთესო მორაგბეს ნახევარფინალამდე გაზეთების კითხვა აღარ მოუწევს და ბოლო პულურ მატჩშივე იასპარეზებს.
ინგლისს ტრიბუნალის გამოვე აკლია კაპიტანი და ბურჯი ფილ ვიქერი, ვინც ორ გადამწყვეტ მატჩს (აფრიკა სამოა) ტოვებს. ტრავმათა გადამკიდე ჩემპიონი 10 ნომრის გარეშეც დარჩა, რაკი ჯონი ვილკინსონი და ოლი ბარქლი ვარჯიშზე, უწყინარ სიტუაციაში, უკონტაქტოდ დაშავდნენ. ჭარმაგმა მოძღვარმა ბრაიან ეშთონმა პივოტად თავიდან 32 წლის ნალიგარი გოლიათი ენდი ფარელი დააყენა, მაგრამ მერე მასა და 36 წლის შუამარბს, ბრძენ მაიკ ქეთს გააცვლევინა ნომრები.
ინგლისის აშლილობის მიუხედავად, ვაითს პომთა სისუსტე არა სჯერა და გაიძახის, ჩემპიონი აქამდე მხოლოდ მედიამ ჩამოწერაო. ყინჩადაა ეშთონიც, ესაო და საომრად ესე შემართული გუნდი კარგა ხანია არა მყოლიაო. გურუ გვპირდება, რომ შტატებთან ნაცოდვილარს გუნდი აღარ გაიმეორებს, სხვაფრივ კი, ბოლო ექვს შეყრაზე (პერთის მატჩის ჩათვლით) ჯერ ინგლისმა იმარჯვა ზედიზედ სამჯერ და მერე ამდენჯერვე აფრიკამ.
ინგლისი - აფრიკა
ინგ: რობინსონი ლივსი ნუნი ფარელი სექი (10-9) ქეთი პერი / შერიდანი რეგანი სთივენსი; შოუ ქეი; ქორი კაპ რისი ისთერი (მრქ) ტეიტი რიჩარდსი გომერსოლი / შუთერი ფრეშვოთერი; ბორსვიქი მუდი
აფრ: მონთგომერი პიტერსენი ფური სტეინი ჰაბანა (10-9) ჯეიმზი დიუპრე / დიურანი ჯ.სმიტი კაპ ბჯ.ბოთა; ბკ.ბოთა მეტფილდი; ფანჰირდენი ჟ.სმითი როსუ (მრქ) ოლიფიე პრეტორიუსი პინარი / დიუპლესი ფანდერლინდე; მულერი სკინსტადი
რეფ ჟიუტჟი (სფრ) კიდ: დიკერი
(ზელ) დამასკო (იტა) ვიდ: მაკდაუელი (ირლ) სანდენი
მილენიუმს სიამით მოიგონებენო
მსოფლიო თასის ქვე-მასპინძლის სტატუსის წყალობით, უელსი შინ, მილენიუმზე იღებს ავსტრალიას. ტაფიებმა ბოლო 17 ტესტიდან მხოლოდ ხუთი მოიგეს და სტარტზეც, კანადასთან 50 წუთის შემდეგღა ააწყვეს თამაში, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ ავსტრალიამ კარდიფში წინა ორ ჩასვლაზე ეგრეც ვერ გაიმარჯვა (22:24 შარშანწინ, 29:29 შარშან).
უელსმა ძირითადში აღადგინა ბებრები, გარეს თომასი და სთივენ ჯოუნზი, რომელთა ბრძოლაში ჩაბმამაც შემოატრიალა კანადასთან თამაშის ჩარხი. სულ ტაფიათა საშაბათო 22-ეულში ხუთი ჯოუნზი, სამი თომასი და ორიც ვილიამსია, სხვა 12 მოთამაშე კი სხვა კლანებს წარმოადგენს.
ბურთაობა უეშხიანესი გაჩაღდება და უელსიც არაფერს დათმობს, მაგრამ ავსტრალია მაინც უდაო ფავორიტია. ვოლაბიზის შეფი ჯონ ქონოლი ამბობს, მილენიუმზე სათამაშოდ 12 თვე ვემზადეთ და დრო მოვა, ბიჭები ამ უნიკალურ მატჩს სიამით მოიგონებენო. რაც შეეხება რაზმს, ტერფ-მტკივან ადამ ეშლი-კუპერს ფრთაზე ცვლის დრუ მიჩელი, მარჯვენა ბურჯად გაი შეპარდსონი იწყებს, მარქაფაში კი ხუთი ფორვარდი წერია და მათგან ბოლოა მეორე მღლეტელი ფილ ვო.
უელსი - ავსტრალია
უელ: გ.თომასი კაპ მ.ჯოუნზი შენკლინი პარკერი შ.ვილიამსი (10-9) სთ.ჯოუნზი პილი / ჯენქინსი რისი ად.ჯოუნზი; გოფი ალვ.ჯოუნზი; ჩარვისი მ.ვილიამსი ჯ.თომასი (მრქ) მორგანი ჰუქი ფილიპსი / თ.თომასი დნკ.ჯოუნზი; ოუენი პოპემი
ავს: ლეითემი მიჩელი მორტლოქი კაპ გიტო ტუნქირი (10-9) ლარქემი გრეგანი / დანინგი მური შეპარდსონი; შარფი ვიკერმანი; ელსომი სმითი პალუ (მრქ) ჰაქსლი/ეშლი-კუპერი სტენიფორსი / ფრაიერი ბაკსტერი; ჩიზომი ჰოილსი ვო
რეფ ვოლში (ზელ) კიდ: მ.ლორენსი
(აფრ) იუბერი (აფრ) ვიდ ბედროზი (სფრ) კარდიფი
ოდრისკოლს რეზო დაიჭერს
ხუთშაბათ ღამით ჩვენი საირლანდიო რაზმი თასის ოფიციალურმა საითმა ბოლო ვადაზე 20 წუთით გვიან გამოაქვეყნა. არგენტინასთან ომის შემდეგ ოთხი დღის თავზე რომ ვრაგბობთ, ჩვენი უფროსობა ასვენებს ბირთვს და თამაშს მეორე ნომრებს აწყებინებს. ძირითადთაგან 15-ეულში დარჩნენ მხოლოდ კაპიტანი ილია ზედგინიძე, მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე და მეკო კვირიკაშვილი.
ირლანდიამ რაზმი სამშაბათსვე, პუმებთან ქართველთა შებმამდე ჩამოწერა. მასში ერთადერთი ცვლილებაა: მუხლ-მორჩენილმა შეინ ჰორგანმა ენდრიუ თრიმბლი ამოაგდო და გიორგი შკინინის პირისპირ აღმოჩნდა. ბრაიან ოდრისკოლის დაჭერა რეზო გიგაურს დაეკისრა, გორდონ დარსისა - დავით კაჭარავას, კიკერობაში კი მეკოს ვინძლო ოთარ ბარკალაია შეეხიდოს.
ირლანდია - საქართველო
ირლ: დემფსი ჰორგანი ოდრისკოლი კაპ დარსი ჰიქი (10-9) ოგარა სთრინგერი / ჰორანი რ.ბესთი ჰეისი; ოკალაჰენი ოკონელი; ისთერბი დ.ვოლესი ლიმი (მრქ) მერფი პ.ვოლესი ბოსი / ფლენერი ს.ბესთი; ოქელი ნ.ბესთი
საქ: ბარკალაია ელიზბარაშვილი გიგაური კაჭარავა შკინინი (10-9) კვირიკაშვილი სამხარაძე / მაგრაქველიძე შველიძე კოპალიანი; ზედგინიძე კაპ გორგოძე; ი.მაისურაძე ურუშაძე ჩხაიძე (მრქ) ელოშვილი ურჯუკაშვილი აბუსერიძე / ა.გიორგაძე ხინჩაგიშვილი; დათუნაშვილი ზ.მაისურაძე
რეფ ბარნსი (ინგ) კიდ: ჩენგლენგი (შტლ) მარკსი (ავს) ვიდ კვესტა (არგ) ბორდო
ბურჯები არ დავუმტვრიოთო
შაბათს ჩვენი თამაში ღამითაა, პროგრამას კი ზელანდია პორტუგალიასთან ბურთაობით ხსნის. კივებმა იტალიის აქეთ 11 კაცი გამოცვალეს, მაგრამ მეორე ხაზი კი იგივე დარჩა, რაღაი მეორე წყვილი ჯერაც დაშავებულია. ოლ ბლექსს მარბიელი ჯერი კოლინზი უკაპიტნებს, მარქაფაში კი ერთბაშად ოთხი პირველხაზელია, რათა ესენი გადამწყვეტი მატჩებისთვის უკეთ მოემზადონ და სხვა პოზიციაზეც გაილაღონ.
კივები შიშობენ, ემანდ პორტუგალიას ბურჯები არ დავუმტვრიოთო. ნამიბიასთან ერთბაშად 13 დუბლიორს ათამაშებს საფრანგეთიც, რაღაი გურუ ბერნარ ლაპორტის უთქვამს, ლაშქრობაში 30 კაცი მონაწილეობს და საქმეში წვლილი ყველამ უნდა შეიტანოსო. მწურთნელი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებასაც, რომ არგენტინასთან დამწყებები წაგების გამო დაისაჯნენ და ამბობს, ჩემი შეგირდები სკოლის მოწაფეები როდი არიანო.
ზელანდია - პორტუგალია
ზელ: მულიაინა ტოიავა სმითი მეიჯერი როკოთოკო (10-9) ევანსი ლეონარდი / ტიალატა ჰორი სამერვილი; ჯექი ვილიამსი; კოლინზი კაპ მასოი ლაუაკი (მრქ) მაკდონალდი ელისი / ოლივერი ვუდქოქი ჰეიმანი სოიალო მეალამუ
პორ: ლეალი ეგილარი პურტელა დიო.მეტეუში კერვალიუ (10-9) მელეირუ პისარა / სილვა კორეია სპეშუკი; დორეი გ.უვე; მურინელუ კუტინიუ ვ.უვე კაპ (მრქ) კ.პინტუ ჟ.პინტუ / კორდეირუ ფერეირა; პენალვე ჟირეუ ჟ.უვე
რეფ ვაითი (ინგ) კიდ: ვოთქინსი (უელ) იონკერი (აფრ) ვიდ პირსონი (ინგ) ლიონი
საფრანგეთი - ნამიბია
სფრ: პუატრანო კლერკი მარტი ტრაი ემონსი (10-9) მიშალაკი ელისალდი კაპ / პუ შარჟევსკი დევილიე; შაბალი ნალე; ნიონგა დიუზოტუარი ბონერი (მრქ) რუჟრი ჟოზიონი ბოგზისი / იბანიესი მა; პელუ არენორდოკი
ნამ: ლოსპერი ვიტბუი ლანხენჰოფენი ფანსეილი ბოკი (10-9) ვესელსი ფანტონდერი / ლენსინხი კაპ ჰორნი დიუტოი; კაზომბიაზე ესტერჰეიზე; ჟ.ბერგერი მაკქენზი ნიუვენჰეისი (მრქ) აფრიკა ბოუთსი იანჩისი / მეიერი რედელინხეისი; ლინდფელტი დიუპლესი
რეფ როლანი (ირლ) კიდ: დამასკო (იტა) დიკერი (ზელ) ვიდ მაკდაუელი (ირლ) ტულუზი
თავი რომ განზრახ აძგერა
ტრიბუნალმა ვიქერისა და ბერგერის საქმეთა გარდა პორტუგალი ფლანკერის, ჟუან სივერინუსა და სამოელი მორკინალის, ალფი ვაელუანგის გადაცდომებიც გაარჩია. პირველმა შოტლანდიელ ნეითან ჰაინსს უეცრად და რაც მთავარია, განზრახ აძგერა თავი და ოთხი თამაშით იუქმებს, მეორემ კი სახიფათოდ შებოჭა პერსი მონთგომერი, ვინც არცკი დაშავებულა. ჰოდა, ცდომილს ერთი თამაში აკმარეს.
მოწინავენი
ლელო: 4 ბრაიან ჰაბანა აფრ; 3 დაგ ჰაულიტი ზელ და როკი ელსომი ავს; 2 რიჩი მაკქოუ ზელ, სიტივენი სივივატუ ზელ, ჯერი კოლინზი ზელ, დრუ მიჩელი ავს, კრის ლეითემი ავს, ბერიქ ბარნსი ავს, შეინ ვილიამსი უელ, პერსი მონთგომერი აფრ, რორი ლეიმონთი შტლ, ლუკას ბორხესი არგ, აკაპუსი ნქერა ფიჯ და ლუკ თომსონი იაპ
ქულა: 29 მონთგომერი, 23 ფელიპე კონტეპომი არგ; 20 ჰაბანა და სთერლინგ მორტლოქი ავს; 18 ოლი ბარქლი ინგ, 17 დენ კარტერი ზელ, 16 შოტარო ონიში იაპ; 15 ჰაულიტი, ელსომი, დენ პარკსი შტლ და ნიკი ლითლი ფიჯ; 12 დავიდ სკრელა სფრ
შავი დაფა
სინბინი: კარლ ჰეიმანი ზელ, სალვატორე პერუჯინი იტა, ვაჰა ესიკია აშშ, ლორენს დალალიო ინგ, პოლ ემერიქი აშშ, ჟოაუ უვე პორ, ვილიმონი ნდელასაუ ფიჯ, ალეკსანდრუ მანტა რუმ
ტრიბუნალი (დისკ): პოლ ემერიქი აშშ (5) ფილ ვიქერი ინგ (2) სხალკ ბერგერი აფრ (4/2) ალფი ვაელუანგა სამ (1) ჟუან სევერინუ პორ (4)
:::