დღეს,
ამ დილას ჩემთან მოვაწყე
კონსტანტინე
გამსახურდიას ხსოვნის
შეხვედრა. ეს იყო "ხაშოლოგიური
შტუდიების" ერთგვარი
გაგრძელება, უიმისოდ. რაც
თუ ცოცხალი ვიქენი, მინდა
ყოველწლიურად აღვნიშნო. საქმე ისაა, რომ
მისი გარდაცვალების
წლისთავი არ აღნიშნეს.
ჩვეულებრივ პატარა,
ზოგჯერ სრულებით
უმნიშვნელო მწერლის
გარდაცვალების წლისთავს
აღნიშნავენ, ხოლო ეს
ვებერთელა მწერალი,
ქრთული მხატვრული
ლიტერატურის ნამდვილი
მშვენება და სიამაყე
დაივიწყეს. ეს იმ
პოლიტიკის გაგრძელებას
გავს რაც თავის დროზე
ა.მგელაძემ გააკეთა,
როდესაც ის ც.კ. I მდივნად
იყო. მე მაინც
აღვნიშნე. 'მნათობშიც'
სტატია გამოვაქვეყნე
მისი გარდაცვალების
წლისთავზე (მართალია
ძლიერ აკუწეს,
დაამახინჯეს, მაგრამ
რაღაც მაინც არის) და ჩემს
ოჯახშიც მეგობრები
მოვიწვიე. დღეს, რადგან
ადრე ვერ შევძელი,
ივლისში თბილისში არ
ვიყავი და სხვა
მოსაზრებებიც იყო. მე
დირექტორობიდან
გამანთავისუფლეს და
კიდევ არ ვიცოდი, დღესაც
არ ვიცი თუ საბოლოოდ
კიდევ რა შეიძლება მოყვეს
ამ ჩემს ახლანდელ
მდგომარეობას. დღეს
მე მოწვეული მყავდა
კონსტანტინეს უახლოესი
მეგობრები: ა.შანიძე,
კარლო კალაძე, გიორგი
ნატროშვილი, რევაზ
ჯაფარიძე, ბ.ჟღენტი,
აგრეთვე ვ.ჩანტლაძე,
ბ.ხასია, ზვიად
კონსტანტინეს ძე
გამსახურდია. ს.ჭილაიამ
გაიხსენა, თუ როგორ
ბეწვზე ეკიდა (ვინ უწყის
მერამდენეჯერ)
კ.გამსახურდიას სიცოცხლე
ამ 23 წლის წინათ
ა.მგელაძის მდივნობის
დროს. ამან, რათა
გაეფუჭებინა
კონსტანტინე
გამსახურდია,
ანტიმეგრული მოძრაობის
მძიმე პერიოდში, მოინდომა
სტალინთან შეთანხმებით
მისი თუ დახვრეტა არა,
ყოველ შემთხვევაში
დაპატიმრება და კვლავ
გადასახლება. ამას
გრძნობდა კონსტანტინე,
რომელსაც, არაერთხელ
უამბნია მერმე,
გადაწყვეტილი ქონდა,
როდესაც მასთან სახლში
დასაპატიმრებლად
მივიდოდნენ მათი
დახვედრა თოფითა და
რევოლვერით, რამდენიმე
მაინც დაეხოცა, და მერმე
თავი მოეკლა უკანასკნელი
ვაზნით. ა.მგელაძემ
სტალინს მიუტანა
გამსახურდიას
'დიდოსტატის მარჯვენა' და
'დავით აღმაშენებელი',
როგორც დოკუმენტები,
რომლებიც საფუძველს
იძლეოდნენ ავტორის
ლიკვიდაციისათვის. ბედი,
რომ სტალინი არ აჩქარდა...
წიგნები დაიტოვა და უთხრა
შემდეგ მომაკითხე და
გეტყვი ჩემს აზრსო. - როდესაც შემდეგ
მივიდა მასთან ა.მგელაძე,
დარწმუნებული, რომ
გამსახურდიას ბოლო
მოეღებოდა; სტალინმა მას
უთხრა: ეს რა დიდი მწერალი
გვყოლია, მე არ ვიცოდი.
საჭიროა მას ხელი
შევუწყოთო და სხვ. მოსკოვიდან
დაბრუნებული ა.მგელაძე
წერილს სწერს
კ.გამსახურდიას, რომელსაც
უცხადებს, შენ ხარ ჩვენი
დიდი და სასიქადულო
მწერალიო. მთხოვე რაც
გინდა და ყოველმხრივ
დაგეხმარებიო. კონსატანტინე
მაშინვე ურეკავს
მწ.კავშირის მდივანს
ს.ჭილაიას და სთხოვს
მიღებას, რაღაც საოცარი
დიკუმენტის მისატანად. ის
მიდის მწერალთა
კავშირში,... სანამ მივა
ს.ჭილაიას ურეკავენ
ც.კ.-დან: შენთან რომ ახლა
გელაპარაკებოდა, მოდის
კ.გამსახურდია და მას ასე
და ასე უთხარი; ის კარგად
მიიღეო და სხვ. ასე
გადაურჩა ანტიმეგრული,
ყოვლად სამარცხვინო და
ნამდვილად მუხანათური
მოძრაობის ამტეხი
ა.მგელაძის მსახვალ ხელს
მაშინ კ.გამსახურდია. ეს ა.მგელაძე და
მისი ავანჩავანი
ვ.მელქაძე ახლა კვლავ
დაწინაურდნენ და დიდი
გავლენა აქვთ ისეთი
საკითხების გადაჭრაში,
რაც ქართველი ერის
სამკვდრო-სასიცოცხლო
საქმეებს შეეხება. ვნახოთ
სანამდე წავა ახლა ეს
მოძრაობა, რომელიც ისევ
ანტიმეგრული ნიშნით
ვითარდება. |